Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი,
როგორც ყვავილიშემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს.
და ჭკნება,ჭკნება სიყვარული უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ,ნაზად,მაგრამ უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ ასებობს უსიყვარულოდ!!!
>>> ვოცნებობ შენზე! ამ ოცნებით დავფრინავ ცაში,<<<
ანგელოზებთან შევუდგები გიჟურად როკვას,
ველური ჟინი ჟრუანტელს მავლებს ტანში...
სხვა არაფერი,მე სიყვარულის სიგიჟე მომკლავს!
პლატონი სტყუის, რუსთაველის, შექსპირის მიკვირს,
რადგან სიყვარულს მიწიერი მოჰპარეს ვნება;
მიწაზე ვდგავართ, მხოლოდ ფიქრით მივიწევთ ცისკენ.
გული მზეს ეტრფის ოცნებებში, გული თავნება.
მიაპობს გემი ბობოქარ ტალღებს, მივყვები მზის სხივს
და ალბატროსიც ფრთებგაშლილი მხარს მიბამს ციდან;
მე გაშლილ ზღვაზე სიყვარულის დაჭერას ვლამობ
და სიყვარულში თავისუფლება ვიპოვო მინდა.
თუმცა ზღვა ბორგავს, ხელს ჰკრავს კაცთა მოდგმას უბადრუკს,
ტკივილი მისი, ამბოხი სულის ახლა ჩემთვის...
ან წარღვნა გველის, ტალღა მეცხრე, ან გადაგვარჩენს
მხოლოდ სიკეთე, სიყვარული და რწმენა ღმერთის!
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
არის გზა, არის ნელი თამაში...
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!
მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.
მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.
თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა
მერანი
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობართა;
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს ტკბილმოუბარსა, -
სად დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო;
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!
კვნესა გულისა, ტრფობისა ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი შენი, შავად მღელვარი!
სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!
დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
მიყვარხარ
მიყვარხარ ძლიერ....ძლიერ..
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი შენი შავი თმის ბუჩქი
ეგ თეთრი შუბლის სერი
თვალები გიშრისფერი
ლოყები ვარდისფერი,
შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თითი
ო, იცი როგორ მიყვარს, ოდნავ შეხებაც მათი,
ო, იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?
შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი
მე დარდიც მიყვარს შენი
შენი ღიმილიც ფართო
მე ცრემლიც მიყვარს შენი
შენი კისკისიც მართობს
მე შუქი მიყვარს შენი რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი
მზის დაბნელების მსგავსი....
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ
მწვავს შენი ტრფობის ალი
მიყვარხარ....ძლიერ ...ძლიერ
მთელი გრძნობით და ძალით.
მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით
გულის ძგერის ხმა მესმის
შენი ხმა არის ისიც,
შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ
შენს დარდს ვატარებ დარდად
მე სხვა სურვვული არ მაქვს შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი მე მემეჩვენება მცირედ
რადგან შენ გსურდა იგი
რადგან შენ შემოგწირე
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ....ძლიერ ... ძლიერ
მიყვარხარ ცხადად ,მალვით
როგორც არასდროს არვინ არ ყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის
ეს შეუძლოა თითქმის
შენ ერთს გეკუთვნის ყველა< რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ,
სატრფოვ, შვილო და დედავ
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი.
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ
ვარ შენი ტრფობით შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ
ნაყოფი მისი არი
ვინც ნორჩი ნერგი დარგო
ეს სუყვარული დიდი შენ შემასწავლე კარგო.!
მესაფლავე
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი,
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს,
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა?
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?—
“გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე... თუ როდისმე დაგივიწყო! ”
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს:
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: “ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება,
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!”
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, —
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა, —
ახლა? ახლა კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, —
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, ახლაც იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი,
გაიფიქრა: “ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული”, —
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...
ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: “შემიყვარდი, შემიყვარდი,
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად, ქალო!”
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი,
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია — არა, არა...
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ — აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
“თანახმა ვარ! ერთადერთი მომავალი მასულდგმულებს...
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს”...
მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევიათ ვარდ-ყვავილებს...
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...
განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...
რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...
ასე ხდება ქვეყანაზე — ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება...
ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილს კუბოში სჭედს მესაფლავე...
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება, —
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!
სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადურჩები სულის წვალებას.
მე რომ გაფრენა არ შემიძლია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
სადღაც სდუმს დილა, სადღაც ძილია,
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა.
ჩემი სხეული რომ დაღლილია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა.
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
გემუდარები ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო განშორებამ გრძნობა გასრისა,
არ დაივიწყო, რომ როდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას.
შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,
შინ დაბრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც.
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს.
არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ,
და ახლა შენთან უცოდველი როდი მოვედი,
მაგრამ არასდროს დაიჯერო, ისე დავეცე,
გადავიწყვიტო შენი სულის სვეტი-ცხოველი,
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ.
ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.